English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ ნათია კურდღელია
COVID-19-ის გავლენა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ფუნქციონირებაზე

10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.02.Kurdgelia

რეზიუმე:სტატიაში განხილულია მცირე და საშუალო ბიზნესის როლი საქართველოს ეკონომიკაში, მოცემულია შედარებები სხვადასხვა ქვეყნებთან.   სტატიის ძირითადი ნაწილი ეთმობა კოვიდპანდემიის გავლენას მცირე და საშუალო ბიზნესზე, პანდემიით განპირობებულ გამოწვევებს და სახელმწიფოს დახმარების პროგრამების როლსა და მნიშვნელობას მეწარმეებისთვის.

 საკვანძო სიტყვები:  პანდემია, კორონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესი, ფინანსური დავალიანება.

****

თანამედროვე პირობებში მცირე და საშუალო საწარმოები უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ და სოციალურ როლს ასრულებენ.  მათ  ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალსაც კი უწოდებენ.

საქართველოში მცირე ბიზნესის შექმნის პროცესი მეტად რთულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ პირობებს დაემთხვა, რომელიც რიგი თავისებურებით ხასითდებოდა. თუ განვითარებულ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის განვითარება ძირითადად მცირე საწარმოთა შექმნით დაიწყო და შემდგომ მათი ევოლუციისა და კონკურენციული ბრძოლის საფუძველზე თანდათან  ჩამოყალიბდა  მსხვილი სტრუქტურები, საქართველოში, ფაქტობრივად, პირიქით განხორციელებულმა  პროცესმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამეწარმეო სტრუქტურების ფორმირებაში. 1990-იან წლებში მასობრივი ხასიათი მიიღო  არსებული მსხვილი   საწარმოების დაშლამ მცირე საწარმოებად შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესების გამარტივებითა და შემცირებით.  1999 წელს მიღებული  კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში მცირე სამეწარმეო საქმიანობის განვითარებისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ განკუთვნილი იყო იმ დროისათვის უკვე საკმაოდ მყარად ჩამოყალიბებული შესაბამისი ბიზნესის საქმიანობისა და განვითარების პირობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად  და  ამ ზომის საწარმოთა ქაოსურ განვითარებაში წესრიგის დასამყარებლად [ჩიხლაძე, 2009].

განვითარებულ ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესი,  ეკონომიკურის გარდა,   მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციის მატარებელიცაა - იგი   მოსახლეობაში საშუალო კლასის ფორმირების საფუძველია, რადგან, ეკონომიკის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფასთან ერთად,  მოსახლეობის დიდ ნაწილს ასაქმებს. ამიტომაც, მცირე და საშუალო საწარმოები, დასაქმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალით, ასევე ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედად შეიძლება მივიჩნიოთ.

ძლიერი და კარგად განვითარებული მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ექსპორტს, ინოვაციებს, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის შექმნას და, ამავე დროს, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ქვეყნის კეთილდღეობის  ამაღლებაში. მცირე და საშუალო საწარმოები მოქნილად და სწრაფად რეაგირებენ ბაზრის ცვლილებებზე, ადვილად ითვისებენ ახალ პროდუქციას და ძირითადად ორიენტირებული არიან ადგილობრივ ბაზრებზე [თოქმაზიშვილი, 2017]. შედარებით შრომის დაბალი კაპიტალ-  და ფონდშეიარაღების გამო, ინვესტიციების თანაბარ რაოდენობაზე ისინი, მსხვილ საწარმოებთან შედარებით, დაახლოებით 1.5-2.0-ჯერ მეტ სამუშაო ადგილს ქმნიან.

ბოლო წლებში  საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები განახორციელა, რომელთა მთავარი მიზანი იყო ბიზნესის კეთების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ეკონომიკის ლიბერალიზაცია, ადმინისტრაციული ბარიერებისა და საგადასახადო ტვირთის შემცირება, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესება, კორუფციასთან ბრძოლა.  ამ რეფორმების შედეგად საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა დადებითად იქნა შეფასებული სხვადასხვა სარეიტინგო სააგენტოების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ,  შესაბამისი შედეგები აისახა იმ ინდექსებსა და რეიტინგებში, რომლებითაც ფასდება ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლება [სტრატეგია 2016-2020].

ამასთან, ზოგადი ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიუხედავად, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით საქართველოში იგივე გამოწვევები დგას, რაც მრავალ განვითარებად ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის მოქმედი საწარმოების უდიდესი ნაწილი, მათი წვლილი მშპ-ში კვლავ საგრძნობლად დაბალია.

განვითარებულ ქვეყნებში, მცირე და საშუალო საწარმოებს  ბიზნესში საკმაოდ მაღალი  წილი უკავიათ, ქმნიან სამეწარმეო სექტორის მთლიანი ბრუნვის 50%-ზე მეტს, მათზე მოდის  ყოველი სამი შექმნილი სამუშაო ადგილიდან ორი. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში კომპანიების უმეტეს  ნაწილს მცირე და საშუალო საწარმოები წარმოადგენენ და  ქმნიან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2/3-ს. განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოები საწარმოების მთლიანი რაოდენობის 90%-ზე მეტია, თუმცა მათი წილი მშპ-ში ზოგადად საკმაოდ დაბალია – ხშირ შემთხვევაში 20%-ზე ნაკლებია [გოგიაშვილი, 2014].

ბიზნესსექტორის როგორც ბრუნვაში, ისე გამოშვებაში ყველაზე მაღალი წილი მსხვილ წარმოებებს უკავიათ (საქართველოში 2020 წელს: ბრუნვაში – 59.2%, გამოშვებაში – 42.0%), თუმცა, საშუალო და მცირე ბიზნესის უფრო დინამიური, სწრაფი განვითარების ხარჯზე მსხვილი ბიზნესის წილი კორონავირუსის პანდემიამდე  თანდათან კლებულობდა და შესაბამისად, იზრდებოდა როგორც მცირე, ასევ საშუალო ბიზნესის წილი. ასეთი ბიზნესის წილად მოდიოდა მთელი მატების 4/5-ზე მეტი,  ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქციის მატების ტემპი ჯერადად აღემატებოდა მსხვილი ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქციის მატების ტემპს.

დიაგრამა 1

ბიზნესის ბრუნვის, გამოშვების, დამატებული ღირებულებისა  და დასაქმების სტრუქტურა ბიზნესის ზომის მიხედვით 2020 წელს, %

  

კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული კორექტივები შეიტანა აღნიშნულ დინამიკაში.

2020 წელს, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, მართალია, სამეწარმეო სექტორის ბრუნვა  ნომინალურად გაიზარდა კიდეც (0.5%-ით), ასევე ნომინალური ზრდა დაფიქსირდა მსხვილი წარმოების მხრივ (+7.0%), მაგრამ ბრუნვა მცირე და საშუალო საწარმოების მიხედვით, ისევე, როგორც პროდუქციის გამოშვება ყველა ზომის წარმოების მიხედვით, მკვეთრად შემცირდა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის წარმოებების მიხედვით, რაზეც   წარმოდგენას იძლევა ქვემოთ მოყვანილი ცხრილი.

ცხრილი

სამეწარმეო სექტორის ბრუნვა და პროდუქციის გამოშვება

საწარმოთა  ზომების მიხედვით 2020 წელს(პროცენტი წინა წელთან)

 

სულ

მსხვილი

საშუალო

მცირე

ბრუნვა

100.5

107.3

90.0

93.7

გამოშვება

91.5

92.5

91.8

90.1

         მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობა განსაზღვრულ გარემოში ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს მის ცივილიზებულ წარმატებულ განვითარებას ან დამუხრუჭებას. მსოფლიო პანდემიამ COVID 19 სახით, გლობალურ ეკონომიკასთან ერთად,  უდიდესი ზიანი მიაყენა  საქართველოს ეკონომიკასაც, განსაკუთრებით მის რისკებისადმი ყველაზე სენსიტიურ სექტორს - მცირე და საშუალო ბიზნესს, მათ შორის - დასაქმებასაც. მცირე ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წელს წინა წელთან შედარებით შემცირდა 28.8 პროცენტით, რაც 2-ჯერ და მეტად აღემატება  სამეწარმეო სექტორში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის შემცირების ტემპს (-14.0%). 2020 წელს სამეწარმეო სექტორში დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობის შემცირების 92 პროცენტი მცირე საწარმოებში დასაქმებულთა შემცირებაზე მოდიოდა.

პანდემიამ გამოიწვია ორი, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მიმართულებით  ყურადღების გამახვილება მცირე და საშუალო ბიზნესისადმი: პირველი, ამ ტიპის ბიზნესის წინაშე – მდგარი პრობლემების იდენტიფიცირებისა და მასშტაბების დადგენის და, მეორე, სახელმწიფოებრივი მხარდამჭერი ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების მხრივ.

 კვლევაში – „ქართული კომპანიები COVID-19-ის პანდემიის გამოწვევის წინაშე“ გაანალიზებულია პანდემიის გავლენა საქართველოს ბიზნესსექტორზე, აქედან ჩვენთვის პრიორიტეტულია მცირე და საშუალო ბიზნესი. დავდექით იმ მოცემულობის წინაშე, რომ მცირე და საშუალო მეწარმეები  იძულებულნი გახდნენ  დაეთხოვათ თანამშრომელთა ნაწილი ან შეემცირებინათ ხელფასები, ნაწილმა კი არსებული რეგულაციების პირობებში დროებით შეაჩერა საქმიანობა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებულმა ორთვიანმა საგანგებო მდგომარეობამ, რომელიც მოიცავდა კომენდანტის საათს და  გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვაც ერთვოდა, მნიშვნელოვნად დააზარალა მცირე და საშუალო ბიზნესი.

კვლევა ცხადყოფს, რომ მოთხოვნის შემცირება არის COVID-19-ით გამოწვეული ყველაზე გამოკვეთილი გვერდითი მოვლენა. მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული საწარმოების უმეტესობაში (65%) უკვე გამოიწვია 50%-ზე მეტით შემოსავლის შემცირება. ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასტუმროები და რესტორნები, რომელთა 75%-ზე მეტმა განიცადა შემოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება. ამ სფეროში კომპანიების მხოლოდ 1%-მა შეძლო შემოსავლის კრიზისამდელ დონეზე შენარჩუნება, მაშინ როდესაც ასეთი კომპანიების წილმა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სექტორში 10%-ს, ხოლო აგრარულ სექტორში - 17%-ს მიაღწია (საშუალოდ ეროვნულ მეურნეობაში - 5%). გამოკითხული კომპანიებიდან  დაახლოებით ნახევარი ელოდება წინა პერიოდთან შედარებით შემოსავლების 50%-ზე მეტით ვარდნას. ამ შემთხვევაშიც ყველაზე ნეგატიური პროგნოზი სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში იკვეთება. აქ ნეგატიური მოლოდინები გააჩნია გამოკითხულთა 71%-ს, მაშინ როდესაც ამგვარი მოლოდინები აქვთ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სექტორში დაკავებული კომპანიების მხოლოდ 40 პროცენტს და აგრარული სექტორის წარმომადგენლების მხოლოდ 28 პროცენტს [უილიამსი და სხვ., 2020].

მოთხოვნის შემცირებამ, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა და ზოგადად მომხმარებელთა ქცევის შეცვლამ, კომპანიების ლიკვიდობის პრობლემა გამოიწვია. გამოკითხული კომპანიების 28%-ს უკვე შეექმნა პრობლემები არსებული ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით, დაახლოებით ნახევარს აღნიშნული გამოწვევები 1-6 თვის განმავლობაში შეექმნება, ხოლო გამოკითხულთა მხოლოდ 15% გეგმავს შემცირებების გარეშე ლიკვიდობის შენარჩუნებას. მოთხოვნის შემცირების და ლიკვიდობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების დროულად საპასუხოდ კომპანიებს თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოუხდათ. გამოკითხული საწარმოების 50%-ზე მეტმა სხვადასხვა მასშტაბით უკვე შეამცირა დასაქმებულთა ოდენობა. მათ შორის ყველაზე დიდი შემცირებები სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში შეინიშნება – აღნიშნულ სექტორში კომპანიების 40%-ზე მეტმა გაათავისუფლა ყველა დასაქმებული.

ამ თვალსაზრისით სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე ნაკლებად დაზარალდა. პანდემიის სამომავლო განვითარების გარშემო არსებული გაურკვევლობის გამო ბიზნესის მოლოდინებიც ასევე ემთხვევა არსებული სიტუაციის შეფასებას. პანდემიის გავრცელებასთან ერთად კომპანიების უმეტესობა დამატებითი დაფინანსების მოძიების გამოწვევის წინაშე დადგა. გამოკითხულთა 79%-ს ესაჭიროება დამატებითი დაფინანსება, მაგრამ ამ ეტაპისთვის გამოკითხული კომპანიების 85%-ს ჯერაც არ მიუმართავს ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად. ხოლო იმ სეგმენტისგან, რომელმაც უკვე მიმართა ფინანსურ ინსტიტუტებს დიდ ნაწილს უარი ეთქვა დაფინანსებაზე. ამ სეგმენტში გამონაკლისს წარმოადგენენ დიდი ზომის კომპანიები, რომელთა 42%-მა მიიღო დაფინანსება, 36% ელოდება პასუხს ბანკის მხრიდან და მხოლოდ 22%-ს ეთქვა უარი დაფინანსებაზე [უილიამსი და სხვ., 2020].

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური მდგომარეობის მხრივ მოვლენების ნეგატიური სცენარით განვითარების მოლოდინი უფრო მაღალია თბილისში, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების მხრივ - რეგიონებში, რაზეც წარმოდგენას მე-2 დიაგრამა იძლევა.

დიაგრამა 2

შემოსავლებისა და დასაქმების  დინამიკის ნეგატიური მოლოდინების

დონე თბილისსა და რეგიონებში, %

 

თუ პანდემიით გამოწვეულ კომპანიების სირთულეებს მხოლოდ ერთი - დასაქმების ასპექტით განვიხილავთ, შევამჩნევთ, რომ მათი სიმძიმე შედარებით მეტად იგრძნეს საშუალო ზომის (50-249 დასაქმებული) საწარმოებმა (იხ დიაგრამა 3).

დიაგრამა 3

კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეების გავლენა დასაქმებაზე,

კომპანიების ზომის მიხედვით, %

 

ბიზნესსექტორში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით შემოსავლის შემცირება უკავშირდება  შემდეგ ხუთ ძირითად გარემოებას:

1. კარანტინი - კომპანიებს, რომლის ბიზნესი მომხმარებელთან პირდაპირ გაყიდვებზე არის დამოკიდებული, მნიშვნელოვანად შეუმცირდათ შემოსავალი კარანტინის პერიოდში ბიზნესის დახურვის გამო.

2. ჩაკეტილი საზღვრები და ტურისტების შემცირებული რაოდენობა - უპირატესად შეეხო სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს (HORECA) და მათ მომწოდებლებს (საკვების და სასმელის მწარმოებლები და მომწოდებლები) და სამშენებლო სექტორს (შემცირებულია უცხოელებზე საცხოვრებელი ფართების გაყიდვები და საცალო ვაჭრობა, ახალი სასტუმროების მშენებლობის რაოდენობა). მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ტურიზმი ნაწილობრივ ჩაანაცვლა ეროვნულმა ტურიზმმა, ადგილობრივი ტურისტების მიერ გაწეული ხარჯის მოცულობა მნიშვნელოვნად ნაკლებია უცხოელ სტუმრებთან შედარებით (რესპონდენტთა შეფასებით,  საშუალოდ 2-ჯერ).

3. მისაღები შემოსავლის ამოღების დაგვიანება - მდგომარეობა პრობლემური იყო როგორც HORECA–ს სექტორში, ისე მცირე საცალო სავაჭრო ობიექტებიდან.

4. ცვლილება მოხმარების ქცევაში - ადგილობრივი მომხმარებლები გადავიდნენ შედარებით უფრო იაფი პროდუქტების შესყიდვაზე და გაიზარდა ხარჯები ძირითად საჭიროებებზე (მაგ., საკვებისთვის და ნაკლები თანხები ფუფუნების საგნებზე ან გრძელვადიან ინვესტიციებზე).

5. დაძაბულობა საექსპორტო ბაზრებზე - პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია უცხო ქვეყნების ზოგიერთ სექტორზე. ამ ქვეყნების მოსახლეობის მყიდველობითი უნარიანობის შემცირებაზე, რის გამოც შესაბამისად ბევრმა უცხოელმა მომხმარებელმა შეამცირა ან გააუქმა შეკვეთები.

გარკვეულმა საექსპორტო პროდუქტებმა, რომლებიც შუამავალ აგენტებს ეყრდნობა, მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. ეს ძირითადად განპირობებული იყო გაცვლითი კურსის რყევებით და არაპროგნოზირებულობით. რესპონდენტების საპასუხო ქმედებები: ზოგიერთმა კომპანიამ მეტი სტაბილურობის გამო აქცენტი მთავრობის შეკვეთებზე გადაიტანა (მაგალითად, მშენებლობა ან HORECA–ს სექტორი), ასევე ძირითადად თბილისის ბაზარზე დაკონცენტრირდნენ. ბიზნესის უმეტესობა, სადაც ეს შესაძლებელი იყო, იძულებული გახდა გადასულიყო ონლაინ გაყიდვებზე. შემოსავლების შემცირების კომპენსირების მიზნით, გამოკითხული კომპანიების უმეტესობამ მოიზიდა დამატებითი ფინანსური რესურსი ან განახორციელა სესხების რესტრუქტურიზაცია.

ბოლო წლების განმავლობაში მთავრობამ უამრავი რეფორმა  განახორციელა მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშესაწყობად. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა არის „აწარმოე საქართველოში“, რომელიც უამრავი დამწყები მეწარმისთვის აღმოჩნდა შანსი, ხორცი შეესხა  საკუთარი ბიზნესიდეებისთვის. საქართველოში მოქმედებს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერის რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ითვალისწინებს ინდუსტრიული და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერას, ახალი საწარმოების შექმნის, არსებული საწარმოების გაფართოების ხელშეწყობას და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას ფინანსებზე უძრავ ქონებასა და ტექნიკურ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებით. პროექტს „აწარმოე საქართველოში“ დაემატა ორი ახალი მიმართულება: ა) 2015 წელს - სასტუმროების განვითარების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ფრანჩაიზის ხარჯების დაფინანსებას და ბ) 2016 წელს - კინოინდუსტრიის ხელშეწყობა.  „აწარმოე საქართველოს“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულების  ძირითადი მიზანია საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობა და  ითვალისწინებს ორ კომპონენტს: ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას [პროგრამა].

პროგრამის ფარგლებში ბევრმა დამწყებმა მეწარმემ მიიღო მხარდაჭერა სახელმწიფოსგან, კარგ მაგალითად გამოდგება  Gulfood 2021 გამოფენაში ქართული ფირმების მონაწილეობა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით.       

დასკვნა

ზოგადად ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიუხედავად, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების თვალსაზრისით საქართველოში იგივე გამოწვევები დგას, რაც მრავალ განვითარებად ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის მოქმედი საწარმოების უდიდესი ნაწილი, მათი წვლილი მშპ-ში კვლავ  დაბალია. საქართველოს მთავრობა ეკონომიკური განვითარების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მცირე და საშუალო მეწარმეობას და მიზნად ისახავს სამეწარმეო გარემოს შემდგომ სრულყოფას, რაც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების ზრდას და განვითარებას. აღნიშნულ დამოკიდებულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის პირობებში, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკასთან ერთად, განსაკუთრებით დააზარალა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები. 

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელება მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მათ  არა მარტო კრიზისული პერიოდის განმავლობაში  სტაბილურობისა და მდგრადობის შენარჩუნებაში, არამედ მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს პოსტპანდემიურ პერიოდში ასეთი საწარმოების  კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას  როგორც შიდა, ისე საგარეო ბაზრებზე. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბიზნესსექტორი საქართველოში 2020. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. URL:https://www.geostat.ge/media/35014/Krebuli-2020.pdf    
  2. გოგიაშვილი ო. (2014), მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები საქართველოში. ქუთაისი.
  3. თოქმაზიშვილი მ., (2017), მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა (ღირებულებათა ზრდის განვითარება), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  4. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. მიკროდა მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა URL:http://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/%E1%83%91%E1%83% 98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83% 95%E1%83%98%E1%83%97%E1%83% 90%E1%83% A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/microgrants
  5. საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის. URL: http://gov.ge/files/439_54422_706524_100-1.pdf
  6. უილიამსი და სხვ., (2020) ქართული კომპანიები COVID-19-ის პანდემიის გამოწვევის წინაშე. URL:https://www.pwc.com/ge/en/assets/pdf/may-2020/Georgia_Covid-19_survey_Report_Final_Georgian_21.05.20.pdf
  7. ჩიხლაძე ნ., (2013) საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ტენდენციების განსაზღვრის საკითხისათვის. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლისადმი მიძღვნილი სსპკ შრ.  კრებული. ქუთაისი.